რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს, არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...
რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით, არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით, არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...
რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს, არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს, არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს, არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...
რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს, არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან, არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან, არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...
შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე...
მიყვარხარ! გეტყვი, თუმცა უკვე ბევრჯერ მიცდია; სანამ ეს გრძნობა არ მოაღწევს შენამდის კარგო, და იმავ გრძნობით მიპასუხებ რაც განმიცდია; ჩემო ლამაზო, ჩემო კარგო და მშვენიერო.
შენი მშვენება: წმინდა გული, კეთილი გული, შენი ტკბილი ხმა, მოძრაობა და სრული ტანი; არის სამოთხის ანგელოზის მონაპოვარი და აქ მიწაზედ მისგანა გაქვს შენ ნათხოვარი.
ნუ აიმაღლებ თავს მშვენებით და სილამაზით, რადგან ყოველი მიწიერი წარმავალია. ეძიე შენი საოცნებო სიყვარულია; მე თუ ვიქნები? ეს ჩემთვისაც სასურველია.
ვიცი და გეტყვი მე სიმართლეს არ დაგიმალავ, რომ ეს სიტყვები თავისთავად შობს სიყვარულსა; მიცნობ თუ არა, აბა ეგ რა საკითხავია, თუმცა მიცნობდე და გიყვარდე უკეთესია.
დაირხევა საამურად ხის ტოტები მწვანე, არემარეს დახედავენ, როგორც მიწას მთვარე და მათ ჩრდილში ჩვენ ვისხდებით სიყვარულით სავსნე და ამ ხეთა შრიალისას დაგიკოცნი სახეს.
დედა დედა! არასდროს არ დაგივიწყებთ ჩვენ შენ შვილებზე გაწეულ ამაგს! დედა,ათასა წელა არ დაგიტირებთ და არასოდეს შეგკადრებთ ღალატს! ამ ქვეყნად დედას ყველას ჰყავს ერთი, სათაყვანები, ვითარცა ღმერთი! დედა ცხოვრების საწინდარია, როცა მასთან, ხარ მუდამ დარია. ამ ქვეყნად გაჩნდეს ადამიანი და და არ უყვარდეს დედა მშობელი?! არ დააფასოს თვალნი მზიანნი?! მას ხომ აღუდგეს კაცი ყოველი?! როგორც ცხოვრების არ მწამს უღმერთოდ, წუთსაც ვერ გავძლებ დედა უშენოდ! შენა ხარ ჩემი ცხოვრების აზრი, მე ხომ მაქვს შენი უზომო ხათრი! დედაა მხოლოდ მუდამ ერთგული და თუ გინდ ტყუოდე მაინც დაგიცავს. მას სიყვარულით სავსე აქვს გული და არასოდეს ის არ გაგწირავს!
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს. შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე. და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს, ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს. თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს. გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას, გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა…. შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!
არა!ნუ წახვალ! მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან, გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან. ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების ტყეში, შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან, ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს ავიტან, ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების თქეშში, განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც, ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან. დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში, გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან, არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.
ნეტა რად მიყვარდი... ასე გამეტებით??? მთელი ღამე ვფიქრობ ვეღარ გამიგია... მგონი უშენობით გული აღარ ცოცხლობს... მგონი უშენობით გული დაილია... შენი სიტყვა ჩემთვის ახლა წამალია... შენ კი ჩემი გული ორად გაგიყვია... მერე გატეხილი ცეცხლში ჩაგიგდია... რატომ მახსენდება შენი სიყვარული... უკვე მერამდენედ ღამე მითევია.. შენი გულისათვის გული გამიყვია... შენი გულისათვის ცეცხლში ჩამივლია... ერთი დარდი მკლავს და გზებიც ამრევია... შენთვის ერთი სიტყვა მაინც მათქმევინა... ნეტა საბოლოოდ შენთან შემახვედრა... ნეტა საბოლოოდ შენთვის მაკოცნინა... ...და მაინც მე შენ დაგელოდები!...
გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი! წვიმავ, - ეს შენ გეხება. რადგან ზოგი შენი წვეთი სატრფოს ტუჩებს ეხება. ეს ტუჩები მე მეკუთვნის, ვერავის ვერ დავუთმობ. თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს ჩემს ტუჩებით გავუთბობ. გეყო, ცელქო წვიმის წვეთო, დაიმოკლე ფეხები. თმები - გინდა დაუსველე, ტუჩებს ნუ შეეხები!