მთავარი » 2008 » აპრილი » 23
თოვს. მოცეკვავენ ფანტელები, ლამაზად მოფარფატებენ. ფაფუკი, ქათქათა ქურქი ჩაუცვამთ ხეებს. ფანჯრის რაფაზე მსუბუქად დაფენილ თოვლს პაწია ნაფეხურები ეტყობა _ მშიერი ბეღურების ნაკვალევი. ბინდდება. ფანჯარაში ბიჭის ხუჭუჭა თავი მოჩანს. შუბლით მინას მიყრდნობია და სევდიანად გასცქერის თოვლს. პატარაა ბიჭი, სულ ხუთი წლის. ოთახში ხმადაბლა საუბრობენ დედა და ბებია, ბიჭი კი ეზოს მიშტერებია, საიდანაც პირველი თოვლით გახარებული ბავშვების ჟრიამული ისმის. _ ეჰ, ახლა რომ ჩემი მამიკო ცოცხალი იყოს! _ ნაღვლიანად ფიქრობს ბიჭი, _ ხომ გავიდოდით. ოჰ, რას ვიგუნდავებდით, რას ვიგორავებდით თოვლში! გული წყდება ბიჭს. თავისი კარგი მამიკო ახსენდება, თბილი მამიკო, მისი მოალერსე ხმა ენატრება, მისი ფართო ხელების სითბო, ზედ რომ დაიყენებდა ფეხშიშველს, მაღლა ასწევდა და `აუ, რა დიდი ბიჭი მყავსო~, ამბობდა ღიმილით. მამის მოფერება უნდა, მის კისერზე შემოჯდომა და ჯირითი, მასთან საიდუმლო, `კაცური~ საუბარი, დედას და ბებიას რომ არ გაეგოთ. მამიკო მარტო სიზმრებში მოდის, მაგრამ ისევ მალე მიდის, დილით კი დედიკოს მიჰყავს ბაღში. წინათ, როცა მამა ცოცხალი იყო, წესად ჰქონდათ შემოღებული: სეირნობიდან დაბრუნებული, ლოყებაწითლებული სახლში რომ შემოირბენდა, პირველ რიგში მამის თვალებს აწყდებოდა: `დედიკოს აწყენინე?~ _ ეკითხებოდა მამა და ბიჭიც ალალად გადმოულაგებდა ყველა სიცელქეს. მამა გულდასმით უსმენდა, მერე მუხლებზე დაისვამდა, ხუჭუჭა თმებში თითებს შეუცურებდა და არიგებდა: _ შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ, ჭკვიანი. ცოდვაა დედიკო, არ გააწვალო. ჩვენ ხომ კაცები ვართ, ორნი, ძლიერები, ის ერთია, სუსტი და ნაზი. შენ რომ გააწვალებ, გული ეტკინება და იტირებს. ხომ არ გინდა, რომ ჩვენმა კარგმა დედიკომ იტიროს? _ არა, _ ჩუმად, მამის მკერდში ჩურჩულებდა ბიჭი. _ ხომ არ გააწვალებ? _ არა, _ უფრო გაუბედავად ჩურჩულებდა ბიჭი, რადგან გულში საკუთარი თავის იმედი არ ჰქონდა. ახლა, როცა მამა უკვე კარგა ხანია აღარ არის, ჩვევა ჩვევად შემორჩა. სეირნობიდან დაბრუნებული იმ ოთახში შებაკუნდება, სადაც კედელზე მამის მომღიმარი სურათია, დატუქსულივით დგას და ჩუმად ებაასება: _ მამიკო, რა ვქნა, არ მინდოდა, მაგრამ ისევ ვიცელქე. ხომ არ გამიჯავრდები? მე დედიკო ძალიან, ძალიან მიყვარს, შენ ხომ იცი! მეტს არ ვაწყენინებ, კარგი ბიჭი ვიქნები, ხომ, მამი? სურათიდან მამის თბილი ღიმილი ეფრქვევა პატარას, ამხნევებს და თითქოს თავს უკრავს თანხმობის ნიშნად... ახლა, ფანჯრის მინაზე შუბლმიყრდნობილს, ის თბილი დღეები ახსენდება, სამსახურში მიმავალ მამას რომ გასძახოდა: _ მიყვარხარ, მამიკო, მიყვარხარ!!! ისიც ხელს დაუქნევდა და ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა. ახლა ვის დაუძახოს ფანჯრიდან! მისთვის ყველა უცხოა, ნაცნობი უცხო. მამასავით ვერავინ ჩაიხუტებს, ვერ მოეფერება, ყურებს ვერ მოუსრისავს და ულვაშებით ვერ შეუღიტინებს... მოფარფატებენ ხატულა ფანტელები. უყურებს ბიჭი და თავისი საყვარელი მულტფილმი ახსენდება _ მეგობარი თოვლის ფიფქად, წვიმის წვეთად რომ გადაიქცა. `ნეტავ, მამიკოც თოვლის ფიფქად გადაიქცეოდეს და ჩემთან ჩამოფარფატდებოდეს~, _ ნატრობს ბიჭი. მოეფერებოდა ბევრს, ბევრს, გულში ჩაიკრავდა და არსად გაუშვებდა... თავისი ნააზრევი თვითონვე მოეწონა, სახე გაუცისკროვნდა, აციმციმებული თვალები ეზოს მოაშორა, მოცეკვავე ფიფქებს მიაპყრო და თავისთვის ჩუმად აბუტბუტდა: - `მოდი, მამიკო, მალე მოდი, გელოდები! ძალიან, ძალიან მიყვარხარ!~ კარებში ახალგაზრდა ქალი იდგა, ბიჭის ბუტბუტს უსმენდა და ჩუმად ყლაპავდა ცრემლს ..
|
რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის. ვეკვრი კედელს, რომ წინ დიდი სივრცე შევიგრძნო. "წავიდეთ ტყეში სახეტიალოდ" - საოცრად მიმზიდველი მეჩვენა ეს ფრაზა, მწვანე წიგნში ამოკითხული. მიყვარს ტყე. წასვლაც აუცილებელია. უნდა წახვიდე, მოშორდე შენს თავდაპირველ სამყოფელს. უნდა ეძებო თავი შენი სხვაგან.
წამოდით, წამომყევით ტყეში. იქ ყოველი ხე შენი მეგობარია. შეგიძლია აეკრა, ჩაეხუტო მათ. შეგიძლია გაიქცე, დალეწო ხმელი ტოტები, გაქექო ფოთლები, აკოცო მიწას, მერე გულაღმა დაწვე მასზე, უყურო ცისკენ ამართულ ხეებს, მზერა ააყოლო მათ, აჰყვე ზევით და არავინ გეტყვის "გაჩერდი".
წევხარ ფანჯრის რაფაზე, უყურებ მთვარეს, ვარსკვლავებს შორის ჩაჭეჭყილს. უსმენ ქარს და ნატრობ, რა იქნება ეს ადგილი ცოტა უფრო ფართო იყოს, უკეთ მოვეწყობოდიო. აქა-იქ კი ღამისეული გამვლელები მიყვებიან ფეხებს...
უცებ კარს აღებენ და შემოდიან. იძულებული ხდები ჩამოხვიდე. სინათლეს გჩრიან თვალებში, რომელიც გაწვება სისხლივით, სიბნელეს ნაჩვევს. რაღაცას გეუბნებიან. მგონი: დაიძინეო. ფანჯარა ღიაა. შენ დგახარ მასთან. ფანჯარა დახურეს. შენ დაწექი. სული გეხუთება. შუქს გიქრობენ და მიდიან. უნდა დაიძინო. რატომ დაღამდა? ხმამაღლა ლაპარაკობ, ბოდავ. ნეტავ, მალე მაინც ჩაგეძინოს...
ზარის ხმა გაისმა ბნელ სახლში. დაბრუნდა მთვრალი. ვეწვიოთ სუფრას, სადაც გამოთვრა. სადღეგრძელო პირველი: მშვიდობას გაუმარჯოს. მომწონს თქვენი პაციფიზმი, მაგრამ რად გინდათ მშვიდობა, ისედაც მოწყენილობით კვდებით. გასიებულხართ და საკუთარი ცოლები აღარ გაძლევენ. მშვიდობა თორემ, თქვენც ეხლა გუშინ მოიგეთ ომი. მშვიდობის უფლება აქვს იმას, ვინც რაიმეს აკეთებს მისთვის. თქვენ არ აფასებთ მშვიდობას...
სადღეგრძელო მეშვიდე: ისინი უკვე გადიდნენ. ყველამ ჯიბეებიდან დაიწყო ამოლაგება კუბოების და მაგიდაზე დაწყობა. მერე დალიეს: წასულების. ვიღაცამ დაიყვირა, გაჩერება არ შეიძლებაო, დაუძახეს ბავშვებს, შემოსვეს კუბოებზე და მაგიდიდან ჩაასრიალეს. თან სვამდნენ: ბავშვებს გაუმარჯოსო.
სადღეგრძელო ორმოცდამეჩვიდმეტე: სიყვარულს გაუმარჯ... მთვრალი შემოვიდა და დავარდა. მე გადავაბიჯე მას და სახლიდან გავედი...
დროის დაკარგვა მომესურვა. აზრები გამეფლანგა თავში. ხმა ამოფოფხდა ყელში, დაჭრილი ჯარისკაცივით. - წავედი!
გავედი ქუჩაში. შემხვდა პატარა ეშმაკი, საცოდავი თვალებით შემომხედა და გამიღიმა. დაბალი იყო და წითელი.
- მეცოდებიო. - მითხრა. - მეც-თქო. - ვუპასუხე და გზა განვაგრძე.
ის გაიქცა, ქალს დაეჯახა და წააქცია. ქალს მივუახლოვდი. უგონოდ ეგდო. მანქანებმა გამინათეს ტვინი, წამოვხტი და გავვარდი. ამედევნენ ლურჯ ტანსაცმლიანები. ხმა გაიძულებს გაიქცე. გიყურებენ, მოგდევენ, გეძახიან, გესვრიან... ტყვიებისგან წარმოქმნილი ნიავი თმას გიჩეჩეჩავს. დევნა შეწყვიტეს. მივიხედე. ქალი ფეხზე იდგა და ჩემზე იცინოდა, რომ მე გავურბოდი კანონს...
უამრავი აზრი დავფქვი თავში... ნუთუ ჩემი თავი წისქვილია? არა. როდის იყო წისქვილს თმები ჰქონდა?! თან ჩემი აზრებიც არაა მსგავსი ფქვილის. ჩემი აზრები გახელებაა, სურვილი წასვლის, პროტესტი... უამრავი კითხვა მაქვს. საკუთარი პერსონა არ მომწონს. ხანდახან კი ძალიან მიყვარს. მე ყოველთვის ყველა მიყვარდა. მარტოსული ვარ. ვეძებ ადამიანებს. თუმცა მათ ჩემი არ ესმით. მომწონს სიბნელე, მაგრამ ვისწრაფვი სინათლისაკენ...
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 Stumari 1 Users: 0
|