სამ, 24-მარ-19, 05.05
მოგესალმები სტუმარი | RSS

LOve 

მთავარი » თემო ელიავა

 

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 3153 |  კომენტარები : (1)
       

 

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1802 |  კომენტარები : (3)
       

 






ნისლის სურნელი მოშორდა დილას,
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი,
ვხედავდი ,როგორ დაჰქონდა ნიავს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.

მას მეოცნებე მკითხველის ნაცვლად
ესალმებოდა დახრილი კედრი,
ფრთხილად დაეცა ნაწვიმარ ასფალტს
ამოხეული წიგნიდან გვერდი.

აყვითლებული,პაწია,ციცქნა,
გვერდი ,რომელიც არავის ერგო,
მკვდარი ჩიტივით დაეცა მიწას,
მკვდარი ჩიტივით ასფალტზე ეგდო.

მას კითხულობდა შრიალით ვერხვი,
სხვა მეოცნებე მკითხველის ნაცვლად,
შენც დააბიჯე,ძვირფასო ,ფეხი,
ვერ შეამჩნიე ტალახში ალბათ.

ღამენათევი პოეტის თვალებს
დაღალულ ფიქრთა მოადგა ცრემლი:
სიკვდილი ტკბილი,სიკვდილი მწარე,
აუხდენელი ოცნებით მწველი.

სიცარიელეს ვატარებ მკერდით,
ახლა ვიგრძენი არყოფნა სრული,
ამოხეული წიგნიდან გვერდი
იყო მწუხარე პოეტის გული.

ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი
და ჩემი გული ასფალტზე ეგდო,–
ამოხეული წიგნიდან გვერდი,
გვერდი ,რომელიც არავის ერგო.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1178 |  კომენტარები : (3)
       

 




ისევ თქვენ გწერთ,გევედრებით ნება დამრთეთ
კიდევ ერთხელ,მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ,
არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთ
თუ ამ წერილს წაიკითხავთ,ქალბატონო.
გაწყენინეთ?თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი,
თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდ
მაპატიეთ,მეკადრება,ბოდიშს გიხდით,
მომიტევეთ,მომიტევეთ ქალბატონო.
მომიტევეთ თუკი მახსოვს თქვენი თმები,
მომიტევეთ თუკი ისევ დამესიზმრეთ,
დამიჯერეთ,ყველა წმინდანს გეფიცებით,
დაგივიწყებთ,მეც ოდესმე დაგივიწყებთ.
რაც კი დარჩა უთქმელი და სამახსოვრო,
ეხლა მინდა გაგიმხილოთ მშვიდი დარდით,
ბროწეული რომ გაყავით სანახევროდ,
აი,სწორედ ,სწორედ მაშინ შემიყვარდით.
ისევ თქვენ გწერთ ქალბატონო,მომაგონდით,
უცნაური მწუხარებით,მკრთალად,მღვრიედ,
გახსოვთ ის დრო,ყველაფერს რომ მპატიობდით,
ეხლა კიდევ,ეს წერილიც მაპატიეთ.
ვწუხვარ...
უკანასნელ სალამს განდობთ,
ეხლა უნდა სამუდამოდ მიგატოვოთ,
მაპატიეთ,მომიტევეთ,დიდად გმადლობთ,
დიდად გმადლობთ,რომ მიყვარდით ქალბატონო...

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1337 |  კომენტარები : (1)
       

 



მე თქვენ გიძღვნიდით უმანკო მზერით
ბინდისფერ თვალებს,ოცნებებს,სიზმრებს.
მე ვიყავ მეფე და დიადემით
მოკაზმულიყო გრძნობათა სიბრძნე.
თვალახვეული შეცნობის პირას
დგას თქვენი ანრი ტკივილით,დაღლით.
მას დიადემა კიბეზე მიაქვს,
მას ცარიელი დახვდება ტახტი.
ის მორჩილებით სინანულს დასძლევს,
ჩაიკეცება ლოცვებში ფრთხილად,
სიყვარულისთვის დანგრეულ ტაძრებს
უფრო დიადი სიწმინდე ჰქვია.
მეც ეშაფოტზე სიწმინდე გამაქვს,
გამეფებული გრძნობათა სიბრძნით.
ვგრძნობ საფეთქელთან სასტიკ იარაღს
და თქვენ ,ძვირფასო,გასროლას გიძღვნით.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1239 |  კომენტარები : (0)
       

 



გალაკტიონს ნუ მიკითხავ ,დამღალა.
გაიტანეთ ოთახიდან წიგნები!
ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა,
შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.
მინდა შენი ფერიების სიმღერა,
რომ მთვარეულს ბოლო მთვარეს გპარავდე.
დამასიზმრე მზის ფიალა სხივება,
მიმიყვანე შორი ტაძრის კარამდე.
დავასრულე ფუჭი ღამის ტრაური,
ალიონის დიად სივრცეს ვეღირსე.
გამოაღეთ კარიბჭენი ტაურის,
ვაგვიანებ ანგელოზთა მეჯლისზე.
ფიქრმა ქუჩა ტირიფებად დახარა,
ოთახიდან გატანილი სამყარო.
სახარებას ნუ მიკითხავ,დამღალა...
მზეზე მინდა გესაუბრო,მაღალო!
მინდა ღამე,ოღონდ ღამე უძილო,
მინდა მთვარით ცას დასმული წერტილი,
მინდა ფიქრი,ტბაზე ჩემი უძირო,
ზეცა მინდა,ოღონდ ფეხქვეშ თელილი.
მიწის გუნდას მზით ამოთხრის სიღრმიდან
გუმბათებზე სხივთა ცეკვა უგალობს.
იუდას რომ სული ვერცხლად უღირდა,
თავმდაბლობა ნახე მისი, უფალო.
დარჩა ქუჩა გიჟი მარტის ამარა,
დარჩნენ ქარში გაცვეთილი წიგნები.
ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა,
შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1613 |  კომენტარები : (1)
       

 



ბრმად მლოცველებმა
ამაყი რწმენის ალესილ ფრჩხილებით
თავისუფალთა ღირსება დაკაწრეს
და მონათლული შობისას შვილები
სამგლოვიარო თავშლებში აღზარდეს,
მოინანიეს ისეთი ცოდვები,
რომ ღვთის წყალობა დალიეს ბოლომდე,
მარმარილოთი,რკინებით,ბროლებით,
ცათა შეწევნით სამყოფელს გლოვობენ.
მბრძანებელთათვის მონობენ მონები,
მაგრამ მეფენი მონათათვის კი არ მეფობენ...
თქვენ ბრმად მლოცველნო,სიწმინდე გაცდენთ
თაყვანის ღირსი,
რადგან არ იცით,რომ ცოდვილთათვის აგებენ ტაძრებს 
და არა ღვთისთვის.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1176 |  კომენტარები : (2)
       

 



ლექსს ვკითხულობდი,ნერვიულად,კისრამდე აჭრილს.
სადაფისფერი ნაჭრით დამახურეს სიზმრებმა ძილი.
მეწვია განცდა,ღამენათევ ფიქრებით აცრილს.
ფორტეპიანოზე თითის აკვრა–ძალიან ფრთხილი.
ვსუნთქავდი აპრილს,ნისლოვანი საღამო მსურდა.
დუმილით შეწყდა ზამთრის სუნთქვა,ფიფქების ვალსი.
თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა
შემორჩა აპრილს...
შენს სიზმარეთში ნაოცნებარს მოვგავდი აჩრდილს,
თვითმკვლელი მზერით,უთქმელი სიტყვით,ნაბიჯით თუნდაც,
ლექსს ვკითხულობდი ნერვიულად,კისრამდე აჭრილს...
ვსუნთქავდი აპრილს,შენ თუ გრძნობდი ამ სულელ სუნთქვას
და მხოლოდ ფიქრი,მხოლოდ ფიქრი–მოკვდავი აზრი,
დაკარგვა სიტყვის,იმედების,ღიმილის თუნდაც.
შეუნდეთ აპრილს კიდევ ერთი ფიფქების ვალსი,
თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1254 |  კომენტარები : (2)
       

 




ის სულაც არ ჰგავს ყოველგვარი საყვედრის მიმტევს,
პარკინსონიანი უძილობა სიხარულს ანიჭებს,
ოთახში დადის ნერვიულად და თითებს იმტვრევს,
მათემატიკური ისტერიით ითვლის ნაბიჯებს.

კითხულობს პრესას,კაფეებში აღარ სვამს ჩაის,
ამით ხაზს უსვამს პრინციპების სულელურ ალბომს,
ის ავტორია გულმიჭრილი მინაზე ბზარის,
ისეთი ძუნწი,ძილისთვის რომ სიზმრებსაც არ თმობს.

მუნჯი ჟესტებით გამოხატავს სიმდაბლეს აზრის,
მესამე პირში მონოლოგობს საკუთარ თავზე.
იგი მეტროში ქალბატონებს არ უთმობს ადგილს,
მას აღარასდროს არ გადაჰყავს მოხუცნი გზაზე.

ის ზედმეტს ფიქრობს,ზედმეტს ცხოვრობს და ზედმეტს ნატრობს,–
გადაუღებელ წვიმებს ნატრობს,ოცნების წვიმებს.
მადლობით იცმევს მეგობრისგან ნათხოვარ პალტოს
და თვითმკვლელობის იტოვებს იმედს.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1185 |  კომენტარები : (0)
       

 




იყო ბნელეთი და მისი ყოფნა მარადიული.
ეს იყო სწორი,მაგრამ მოვარდა გრძნეული ქარი
და ქარიშხალი,უეცარი–აღელვებული,
იშვა სიცოცხლედ ყოველივე ყოფის მღელვარი.
დღეს ყოფა არის მოუხდელი დანაშაული,
დამნაშავე კი ის არის,ქარი,მღელვარე ქარი.

ნუ აგებთ ძეგლებს დიდ სახელთა პატივსაცემად,–
მარადისობას ვეღარ შექმნით უღირსთ ხელებით.
თქვენ მეფე არ გყავთ და ყველაფრის გარდაცვალება,
უმწყემსობისთვის წუთისოფლის ყოფას მოელის.
ძეგლს ნუ სცემთ თაყვანს,ამ პატივის განსახიერად.
მომაკვდავია ყველაფერი ,რაც არს შობილი,
დასამშვენებლად ამსოფლიურ ძეგლთა სასახლის
რაც არს ნაგები,ნაშენები,მკვეთრად ვიხილე.
მათ ჩაეხვევა მგლოვიარე სიღრმე სამარის,
ზედ მოედება უსაშველო ლოდთა სიმძიმე,
უკვდავი არის მხოლოდ ის,რაც იყო მარადის,–
დაუნგრეველი ბნელეთი და მისი სიმშვიდე.

მისი არყოფნის მოედება სოფელს დუმილი,
ამაოებად აღიქმება ქართა სიღელვე,
არარაობა არის სწორი და განზომილი,
რადგან არყოფნით სრულყოფილარს სიცარიელე.

კატეგორია : თემო ელიავა | ნანახია : 1229 |  კომენტარები : (1)
       
1 2 »

სადღეგრძელოები [23]
ლექსები [82]
ჩვეულებრივი
ლექსები საქართველოზე [8]
მე პატარა ქართველი ვარ...
ჩანახატები [30]
მონატრება [6]
მენატრები,მიყვარხარ...
მუსიკა [0]
love storry ...
LOVE ვიდეო [6]
პატარა sms [11]
ნიკო გომელაური [6]
უკომენტაროდ..
როინ აბუსელიძე [9]
უნიჭიერესე პოეტი
თემო ელიავა [13]
ახალი თაობის ნიჭიერი პოეტი
გიორგი ხალაძე [14]
ახალი თაობის პოეტი
გიორგი ზანგური [2]
ზურა სალუქვაძე [6]
USA.
სხვა და სხვა [8]

ჩვენი გამოკითხვა

კიდევ შემოხვალთ ჩვენს საიტზე???
სულ პასუხი: 1275

ძებნა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
Stumari 1
Users: 0